ნინო თანდილაშვილი გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის გაფართოების შესახებ

- 278
- უკვე დამონტაჟებული ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური
- 298
- სადგური და საგუშაგო წლის ბოლომდე
- 28
- მონიტორინგით აღჭურვილი მეწყრული სხეული
გარემოს ეროვნული სააგენტო ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის გაფართოების, თანამედროვე საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო და საპროგნოზო სისტემების დანერგვის სამუშაოებს აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.
საქართველოს მასშტაბით სააგენტოს მიერ ამ დროისათვის უკვე დამონტაჟებულია 278 ერთეული ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური. წლის ბოლომდე ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურებისა და საგუშაგოების რაოდენობა 298 ერთეულს მიაღწევს, რაც მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის სტანდარტებით ოპტიმალურ რაოდენობად მიიჩნევა.
„ამ სისტემების განვითარება გრძელდება. ქართველ სპეციალისტებთან ერთად ჩართული არიან საერთაშორისო სპეციალისტები, რომელთა რეკომენდაციებით სისტემები ისე განთავსდება, რომ პროგნოზები და გაფრთხილებები კიდევ უფრო ძლიერი და ეფექტიანი იყოს.“
ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურები უწყვეტ რეჟიმში ზომავს მეტეოროლოგიურ პარამეტრებს — ატმოსფერულ წნევას, ჰაერის ტემპერატურასა და სინოტივეს, ნალექების რაოდენობას, ქარის სიჩქარესა და მიმართულებას და წყლის დონეებს. მონაცემების ონლაინ გადაცემა აუმჯობესებს ამინდისა და ჰიდროლოგიური პროგნოზირების ხარისხს და ზრდის მოსალოდნელი სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების ადრეული გაფრთხილების ეფექტიანობას.
სააგენტოში ასევე დაინერგა ახალი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სისტემა — თანამედროვე ადრეული შეტყობინების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. სისტემა სხვადასხვა წყაროდან მიღებული მონაცემების ოპერატიულ შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, შემდეგ კი შესაბამისი გაფრთხილებების დროულ გავრცელებას უზრუნველყოფს.
ჰიდრომეტეოროლოგიური ქსელის გაფართოება და ICT სისტემის დანერგვა საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, კლიმატის მწვანე ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის — „მრავლობითი საფრთხის შემცველი ადრეული შეტყობინების სისტემის გაფართოება და კლიმატის შესახებ ინფორმაციის გამოყენება საქართველოში“ — ფარგლებში განხორციელდა.
ბოლო წლებში სააგენტომ მნიშვნელოვნად გააფართოვა გეოლოგიური მონიტორინგის ქსელიც. მეწყრულ უბნებზე მიმდინარეობს თანამედროვე აპარატურის ინსტალაცია და სატელიტური გამოსახულებების დამუშავება InSAR ტექნოლოგიით. ქვეყნის მასშტაბით 28 მეწყრულ სხეულზე დამონტაჟებულია თანამედროვე მონიტორინგის სისტემები, რომელთაგან 22 ერთიან სერვერულ პლატფორმაზეა ინტეგრირებული.



